ვიბრაცია დამუხრუჭებისას: საჭე, პედალი და ტორმუზის დისკები
განახლდა: · PRO SERVICE
ვიბრაცია დამუხრუჭებისას ბათუმში მოსულ მანქანებზე თითქმის ყოველთვის ტორმუზის დისკებიდან მოდის: დისკის სისქე წრეზე არათანაბარი გახდა, ან ზედაპირზე ლაქებად დაილექა კალოდკის მასალა. უფრო იშვიათად ჟანგია დისკსა და სტუპიცას შორის, ჭანჭიკები სხვადასხვა ძალითაა მოჭერილი, ან ხადავოის ლუფტია. თუ საჭე ცახცახებს, წინა დისკებით ვიწყებთ. საჭე მშვიდია, პედალი კი ცემს და კუზავი კანკალებს, უკანა დისკებს ვუყურებთ.
„ტორმუზის დისკი მოიღუნა": რა ხდება სინამდვილეში
დისკი სიტყვასიტყვით იშვიათად იღუნება. უფრო ხშირად მისი სისქე წრეზე იცვლება. სხვაობა მილიმეტრის მეასედებია, თვალით არ ჩანს, ფეხი კი ბორბლის ყოველ ბრუნს გრძნობს.
ეს ორი გზით ხდება. პირველი: კალოდკა გადახურებულ დისკზე აიბეჭდება. უღელტეხილიდან ტორმუზით ჩამოხვედით, ქვემოთ შუქნიშანზე დადექით დაჭერილი პედლით, და გავარვარებულ ლითონზე ლაქა დარჩა. ეს ლაქა სუფთა ლითონისგან განსხვავებულად მუხრუჭავს. მეორე გზა ნელია: დისკი მცირე გვერდითი ცემით (ბიენიით) ყოველ ბრუნზე ერთსა და იმავე ადგილას ეხება კალოდკას და რამდენიმე ათას კილომეტრში არათანაბრად ცვდება.
ჟანგი სტუპიცაზე და თვლის ჭანჭიკები
ზღვასთან ეს მიზეზი მუდმივად გვხვდება. დისკსა და სტუპიცის ფლანეცს შორის ჟანგი გროვდება, დისკი ირიბად ჯდება და ბიენიას იღებს. ახალი დისკი ჭუჭყიან სტუპიცაზე იგივეს აკეთებს: ერთ თვეში ისევ ცემს. ამიტომ შეცვლისას ფლანეცს სუფთა ლითონამდე ვწმენდთ.
ჭანჭიკები, რომლებიც გაიკოვერტით „ბოლომდე" და სხვადასხვა ძალით არის მოჭერილი, დისკს არათანაბრად სწევს. სწორია ჯვარედინად, დინამომეტრიული გასაღებით, სახელმძღვანელოს მომენტით. ვიბრაცია შინომონტაჟიდან ორ კვირაში, სადაც ყველაფერი გაიკოვერტით მოჭირეს, ხშირი ამბავია.
ცალკე შემთხვევა: მანქანა ერთი თვე ღია ცის ქვეშ იდგა. კალოდკის ქვეშ დისკზე ჟანგის ანაბეჭდი რჩება. ჩვეულებრივ პირველივე დამუხრუჭებებზე იშლება, ღრმა კვალი კი ზუსტად იმავე ცემას იძლევა.
სად ვეძებოთ შეგრძნების მიხედვით
| რას გრძნობთ | სად ვეძებთ |
|---|---|
| საჭე ცახცახებს სიჩქარიდან დამუხრუჭებისას | წინა დისკები, სტუპიცები |
| საჭე მშვიდია, პედალი ცემს | უკანა დისკები ან დოლები |
| ცახცახებს დამუხრუჭების გარეშეც | ბალანსირება, ბუშტი (გრიჟა) საბურავზე, გრანატა (შრუსი) |
| ცახცახი და „კლაკ" დამუხრუჭებისას | საილენტბლოკები, შარავოი, წვერები |
| პედალი ტკაცუნებს სველ ქვაფენილზე | ABS მუშაობს, ეს ნორმაა |
ბოლო სტრიქონზე: ABS წნევას უშვებს, როცა თვალი იკეტება, და პედალი ფეხქვეშ ტკაცუნებს. მშრალ ასფალტზე ჩვეულებრივი დამუხრუჭებისას ეს არ უნდა ხდებოდეს.
რა არ უშველის
მარტო კალოდკების შეცვლა და იმედი, რომ გაივლის. ახალი კალოდკები არათანაბარ დისკზე სწრაფად იმეორებს მის რელიეფს. ახალ ნადებს ზოგჯერ საშუალო სიჩქარიდან რამდენიმე რბილი დამუხრუჭებით აშორებენ, დისკის განსხვავებულ სისქეს კი ასე ვერ გაასწორებ.
ჩარხვა თუ შეცვლა
სისქეს მიკრომეტრით რამდენიმე წერტილში ვზომავთ, ბიენიას ინდიკატორით სტუპიცაზე. მინიმალური სისქე დისკზეა ამოტვიფრული (MIN TH) ან კატალოგშია. თუ ჩარხვის შემდეგ მარაგი რჩება, დისკების ჩარხვა საკმარისია. თუ არა, ან დისკს ბზარები, ღრმა ღარები, გადახურების ლურჯი ლაქები აქვს, დისკების შეცვლაა საჭირო, ღერძზე წყვილად, ჩვეულებრივ კალოდკებთან ერთად. პირველ რამდენიმე ასეულ კილომეტრზე რბილად მუხრუჭავთ, კალოდკები ეგუება დისკს.
როგორ გავუხანგრძლივოთ დისკებს სიცოცხლე
- აჭარის გრძელ დაღმართებზე ძრავით დამუხრუჭება: დაბალი გადაცემა, L ან ჰიბრიდზე B.
- დაღმართის შემდეგ დიდხანს ნუ დგახართ დაჭერილი პედლით.
- თვლები მომენტით მოჭირეთ და არა გაიკოვერტით.
- უცნობი მწარმოებლის იაფი დისკი უფრო ადვილად ხურდება და მალე იწყებს ცემას.
დისკების გაზომვა ბათუმში
PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212მ) ვზომავთ სისქესა და ბიენიას, ვამოწმებთ სტუპიცებს და ხადავოის, შემდეგ გეუბნებით, რა ჯობს: ჩარხვა თუ ახალი დისკები. დისკების შეცვლა 60 ₾-დან სამუშაოსთვის. თუ ამავდროულად წრიპინიც გაქვთ, ნახეთ მუხრუჭები წრიპინებს.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება ვიარო, თუ საჭე ცახცახებს დამუხრუჭებისას?
ცოტა ხანს და მშვიდად, კი. ძლიერი ბიენიისას მანქანა უარესად ჩერდება, მუდმივი ვიბრაცია კი წვერებსა და საილენტბლოკებს ასუსტებს.
ახალი დისკები დავაყენე, ერთ თვეში ისევ ცემს. რატომ?
ყველაზე ხშირად სტუპიცა არ გაწმინდეს ან თვლები გაიკოვერტით მოჭირეს. მეორე ვარიანტი: ახალი კალოდკები გაურბენელ დისკზე აიბეჭდა მკვეთრი დამუხრუჭების შემდეგ.
რატომ ცახცახებს მხოლოდ ტრასაზე, ქალაქში კი არა?
ცემა იგივეა, უბრალოდ 100 კმ/სთ-ზე დისკი 50-ზე ორჯერ სწრაფად ტრიალებს და დარტყმები შესამჩნევ კანკალად იკრიბება.
დისკის ჟანგიანი კიდე შეცვლას ნიშნავს?
არა. ჟანგიანი კიდე ყველა დისკს აქვს, იქ კალოდკა არ მუშაობს. მთავარია სამუშაო ზედაპირი და სისქე.
● 06 · კონტაქტი
დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ
მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.
განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:
- მისამართი
- აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
- ტელეფონი / WhatsApp / Telegram
- +995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
- მარშრუტი
- Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
