როდის შევცვალოთ სანთლები: ვადა სანთლის ტიპით და ცვეთის ნიშნები

როდის შევცვალოთ სანთლები: ვადა სანთლის ტიპით და ცვეთის ნიშნები

განახლდა: · PRO SERVICE

როდის შევცვალოთ სანთლები, მათ ტიპზეა დამოკიდებული. ნიკელის (ხალხში „სპილენძის") სანთლები დაახლოებით 15-30 ათას კმ-ს ძლებს, ირიდიუმის და პლატინის 60-დან 100 ათას კმ-მდე, ზოგ იაპონურ ძრავაზე მეტსაც. ზუსტი ციფრი თქვენი ძრავის რეგლამენტშია. გაზზე ვადა დაახლოებით ნახევრდება, ბათუმში კი გაზზე ბევრი დადის.

რა სანთლები გიდგათ

ვადას იმ სანთლებით ვითვლით, რომლებიც რეალურად დგას ძრავაში, და არა ქარხნულით. თვალითაც გაარჩევთ: ნიკელის სანთელს სქელი ცენტრალური ელექტროდი აქვს, ირიდიუმისას ნემსივით წვრილი, 0,4-0,7 მმ. იზოლატორზე ნომერი წერია და NGK-ს ან Denso-ს კატალოგში ერთ წუთში ვპოულობთ.

ასეც ხდება: რეგლამენტით ძრავას 100 ათასიანი ირიდიუმი უნდა, წინა პატრონმა კი იაფი ნიკელის ჩადო. 20-25 ათასის შემდეგ ისინი გამოტოვებას იწყებენ, პატრონი კი ფიქრობს, რომ შეცვლამდე შორსაა. ისტორიის გარეშე ჩამოყვანილ მანქანებზე ამას ხშირად ვხედავთ.

რატომ მოკლდება ვადა

  • გაზი. გაზის ნარევი უფრო ძნელად აალდება, კოჭას მეტი ძაბვა სჭირდება, ელექტროდი სწრაფად იწვის და ღრეჩო იზრდება.
  • ტურბო პირდაპირი შეფრქვევით. ცილინდრში წნევა მაღალია და სანთელს უჭირს. ბევრ ასეთ ძრავას იმავე მარკის ატმოსფერულზე მოკლე რეგლამენტი აქვს.
  • მოკლე მგზავრობები. სანთელი თვითწმენდის ტემპერატურამდე ვერ თბება და ჭვარტლით იფარება. სახლი, სამსახური, მაღაზია, 3-4 კმ: ბათუმისთვის ჩვეულებრივი დღეა.
  • ზეთი სანთლის ჭებში. სარქველების ხუფის შუასადები ჟონავს, ზეთი კოჭის რეზინას ჭამს და ნაპერწკალი კორპუსზე გადადის.

ნიშნები, რომ დროა

ძრავა უქმ სვლაზე კანკალებს ან აღმართზე აჩქარებისას ბიძგებს აძლევს. პირველივე ცდაზე არ იქოქება, განსაკუთრებით ნესტიანი ღამის შემდეგ. ხარჯი ნელ-ნელა იზრდება, მანქანა კი უარესად ქაჩავს. ბლოკში P0300-P0308 კოდები ჩნდება და ჩეკი ინთება (რა ვქნათ ამ დროს, წერია სტატიაში წაიკითხეთ ძრავის ჩეკი ანთია). გაზზე ყველაფერი ეს ბენზინზე ადრე და მკვეთრად ჩანს.

თუ ძრავა უკვე აშკარად ტროიტობს, მიზეზი შეიძლება სანთელი არ იყოს: იხილეთ ძრავი ტროიტობს.

კოჭები სანთლებთან ერთად?

არა. კოჭას შეცვლის ვადა არ აქვს, იცვლება ის, რომელიც გაჭრა. სანთლების შეცვლისას ყველა კოჭას ვხსნით და რეზინის წვერს ვამოწმებთ. ბზარი, თეთრი ან შავი ზოლი, შიგნით ზეთი: ასეთი წვერი მაშინვე იცვლება, ხშირად ცალკე იყიდება და კოჭაზე იაფია. გაზიან მანქანაზე სუსტი კოჭა მალე ჩანს: ბენზინზე ძრავა თანაბრად მუშაობს, გაზზე კი ერთი ცილინდრი აკლებს.

სანთლებს ცივ ძრავაზე ვცვლით

  1. სანთელს მხოლოდ გაცივებულ ძრავაზე ვხსნით: ალუმინის ძრავის თავში (გალოვკა) ცხელზე ხრახნი ადვილად ზიანდება.
  2. ჭებს წინასწარ ჰაერით ვბერავთ, რომ ქვიშა ცილინდრში არ ჩავარდეს.
  3. ძველ სანთლებს ცილინდრების მიხედვით ვალაგებთ და გაჩვენებთ, სადაა ზეთი და სადაა მდიდარი ნარევი.
  4. ირიდიუმის ღრეჩოს არ ვეხებით: ქარხნულია, წვრილი ელექტროდი კი ადვილად ტყდება.
  5. ახალს დინამომეტრიული გასაღებით ვჭიმავთ კატალოგის მომენტით. გადაჭიმული სანთელი ხრახნს წელავს, მოუჭიმავი ხურდება.

ვადები სანთლის ტიპით

სანთელიდაახლოებითი ვადარა გავითვალისწინოთ
ნიკელის15-30 ათასი კმგაზზე კიდევ ნაკლები
პლატინის და ირიდიუმის60-100 ათასი კმ, ზოგ იაპონურ ძრავაზე მეტიზუსტი ციფრი ძრავის რეგლამენტშია
ნებისმიერი, გაზზებენზინის ვადის დაახლოებით ნახევარიყოველ ტექმომსახურებაზე ვათვალიერებთ

სანთლების შეცვლა ბათუმში

PRO SERVICE-ში, აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ვაკეთებთ სანთლების შეცვლას წვერების შემოწმებით. ფასს დათვალიერების შემდეგ გეტყვით: რიგით ოთხცილინდრიანზე ყველაფერი ხელთაა, ზოგ V6-ზე კი უკანა სანთლებამდე კოლექტორის მოხსნით მივდივართ. თუ ახალი სანთლებითაც ტროიტობს, საჭიროა ძრავის დიაგნოსტიკა, 30 ₾-დან. სანთლები მოხერხებულია გეგმიურ ტექმომსახურებასთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები

მანქანა ვიყიდე და არ ვიცი, როდის შეიცვალა სანთლები. რა ვქნა?

შეცვალეთ. ოთხცილინდრიანზე ძვირი არ ჯდება, ძველი სანთლები კი გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა თითო ცილინდრი.

შეიძლება ნიკელის ნაცვლად ირიდიუმი ჩავდო?

კი, თუ ზომა და სითბური რიცხვი (კალილის რიცხვი) კატალოგით ემთხვევა. მეტ ხანს გაძლებს, რეკლამის დაპირებულ ძალას კი ნუ ელით.

ძრავის რეცხვის შემდეგ ტროიტობს. რატომ?

წყალი ჭებში ან კოჭებზე მოხვდა. თუ გაშრობის შემდეგ გაქრა, ყველაფერი რიგზეა. თუ დარჩა, წვერი გამსკდარია, წყალმა კი ეს უბრალოდ ადრე აჩვენა.

სანთლები გარეგნულად კარგია. შეიძლება დავტოვო?

გარეგნობა ატყუებს. ელექტროდის ცვეთა ღრეჩოზე ჩანს და არა ფერზე. ვზომავთ ღრეჩოს და ვუყურებთ გარბენს.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი