მანქანის მოვლა ტენიან კლიმატში: რა უნდა კეთდებოდეს ბათუმში უფრო ხშირად

მანქანის მოვლა ტენიან კლიმატში: რა უნდა კეთდებოდეს ბათუმში უფრო ხშირად

განახლდა: · PRO SERVICE

მანქანის მოვლა ტენიან კლიმატში რამდენიმე სამუშაოა, რომლებიც ბათუმში სერვისის წიგნაკზე ხშირად გვიწევს: სამუხრუჭე სითხე, კონდიციონერის გაშრობა და წმენდა, ძირის რეცხვა მტკნარი წყლით, სადენების კონტაქტები. ნესტი და ზღვის მარილი მანქანას მთელი წელი ჭამს, მაშინაც, როცა ის უბრალოდ დგას.

რა ფუჭდება ბათუმში უფრო სწრაფად

ბათუმი საქართველოში ყველაზე წვიმიანი ქალაქია. ჰაერი თითქმის მთელი წელი ნესტიანია, ზღვასთან მარილიანიც, ძლიერი წვიმის შემდეგ კი სალონი შეიძლება ერთი კვირა სველი დარჩეს. ამწეზე ყველაზე ხშირად ოთხ რამეს ვხედავთ:

  • მუხრუჭები: სითხეში წყალია, სუპორტის მიმმართველები გაჭედილია, უკანა დისკებს კიდეზე ჟანგის რგოლი აქვს;
  • კონდიციონერი: აორთქლებელი ბოლომდე არ შრება და ობდება;
  • ელექტრიკა: კლემებზე მწვანე ნადები, ჟანგი ძირის და კარების შტეკერებში;
  • ძირი: ზღურბლზე ან თაღზე ქვის ნაკაწრი ერთ სეზონში ჟანგის ლაქად იქცევა.

სამუხრუჭე სითხე ორ წელიწადში ერთხელ

სამუხრუჭე სითხე ტენს ჰაერიდან იწოვს, ავზის თავსახურიდან და შლანგებიდან. რაც მეტი წყალი აქვს, მით უფრო დაბალ ტემპერატურაზე დუღს. ქალაქში ამას ვერ იგრძნობთ. იგრძნობთ გოდერძიდან დაშვებისას, როცა პედალი უცებ რბილდება და ჩადის. ტესტერი წყლის შემცველობას ერთ წუთში აჩვენებს, ჩვენს კლიმატში კი სამი-ოთხი წლის სითხე თითქმის ყოველთვის ცუდ შედეგს იძლევა. ამიტომ ვცვლით ორ წელიწადში ერთხელ, გარბენის მიუხედავად. დეტალები: სამუხრუჭე სითხის შეცვლა.

ნესტი თვითონ მექანიზმსაც აზიანებს. კვირით გაჩერებულ მანქანას კალოდკები დისკზე ეკვრება და პირველი დამუხრუჭება ხრაშუნით გამოდის. მიმმართველები ახალი საპოხის გარეშე იჭედება და კალოდკა ირიბად ცვდება. კალოდკების ყოველი შეცვლისას მიმმართველებს ვწმენდთ და ვპოხავთ.

კონდიციონერი და სარდაფის სუნი

აორთქლებელი პანელის სიღრმეშია. ნესტიანი ჰაერი მასში გადის და ფირფიტებზე კონდენსატს ტოვებს. ძრავას გამორთავთ, წყალი რჩება, სიცხეში კი ობი იზრდება. სწორედ ეს არის სარდაფის სუნი კონდიციონერის ჩართვის პირველ წამებში. რა შველის:

  • გაჩერებამდე სამი-ხუთი წუთით ადრე გამორთეთ A/C ღილაკი, ვენტილატორი კი დატოვეთ, რომ აორთქლებელი გაშრეს;
  • სალონის ფილტრი წელიწადში ერთხელ შეცვალეთ, ნახშირიანი სუნს უკეთ იჭერს;
  • დრენაჟის მილი სუფთა უნდა იყოს, თორემ წყალი მგზავრის ფეხებთან ჩამოდის.

თუ სუნი უკვე გაჩნდა, ახალი ფილტრი მას ვერ მოაშორებს. საჭიროა კონდიციონერის წმენდა და დეზინფექცია თვითონ აორთქლებლის დამუშავებით.

სადენები და შტეკერები

მარილიანი ნესტი ყველა არაჰერმეტულ კონტაქტში აღწევს: აკუმულატორის კლემები, მასის სადენები ძარაზე და ძრავაზე, ABS-ის სენსორების შტეკერები ბორბლებთან, სადენების გოფრა კარსა და დგარს შორის, ფარები, რომლებშიც შიგნიდან ორთქლი დგება.

სიმპტომები ხან ჩნდება, ხან ქრება. ანთია ABS, კარი პულტით არ იღება, დაფა ციმციმებს. მშრალ დღეს ყველაფერი რიგზეა, წვიმაში ისევ ბრუნდება. ასეთ დროს ჟანგს ვეძებთ და არა ახალ ბლოკს ვყიდულობთ. კონტაქტებს ვწმენდთ, დამცავ საპოხს ვუსვამთ, მასას ვამოწმებთ. თუ ჟანგმა სადენი უკვე შეჭამა, ეს ავტოელექტრიკის შეკეთებაა.

მანქანის ძირის რეცხვა, სადრენაჟე ხვრელები და ნაკაწრები

ბათუმის ქუჩებს ზამთარში მარილს თითქმის არ აყრიან. მარილი ზღვიდან მოდის და მთის გზებიდან. ზამთარში მთიდან დაბრუნების ან ზღვასთან თვის დგომის შემდეგ ძირი და თაღები მტკნარი წყლით, წნევით გარეცხეთ: ზღურბლების შიგნით, ფრთის დამცავების (პადკრილნიკების) უკან, ქვედა ჩარჩოს სამაგრებთან. ცხელ მუხრუჭებს ტრასიდან პირდაპირ წყალს ნუ დაასხამთ.

მერე ხვრელები. საქარე მინის ქვეშ ღარში ფოთლები გროვდება და წვიმის შემდეგ წყალი სალონში ხვდება. კარების და ზღურბლების ქვედა ხვრელები ტალახით ივსება და წყალი ლითონის შიგნით დგას. გაწმენდას ათი წუთი სჭირდება, დახშული ხვრელი კი ორ წელიწადში ლითონს ჟანგით გახვრეტს. ლითონამდე ნაკაწრი პირველივე კვირაში შეღებეთ. თუ ჟანგი უკვე დაიწყო, წაიკითხეთ ჟანგი ზღურბლებზე და თაღებზე, დამალული ღრუებისთვის კი არის ანტიკოროზიული დამუშავება.

რა გავაკეთოთ რეგლამენტზე ხშირად

რაწიგნაკშიბათუმში გირჩევთ
სამუხრუჭე სითხე2-3 წელი2 წელი, ტესტი ყოველ სერვისზე
სალონის ფილტრი15 000-30 000 კმწელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე
კონდიციონერის წმენდაარ წერიაწელიწადში ერთხელ, სიცხემდე
სუპორტის მიმმართველებისაჭიროებისამებრკალოდკების ყოველი შეცვლისას
ძირის რეცხვაარ წერიაზამთრის მთის შემდეგ, ზღვასთან თვეში ერთხელ
კლემები და მასასაჭიროებისამებრყოველ სერვისზე
სადრენაჟე ხვრელებიარ წერიაშემოდგომაზე, წვიმებამდე

ყველაფერი ერთ ვიზიტში

ცხრილის უმეტესობა ერთ ვიზიტში კეთდება სეზონური შემოწმებისას: ამწე, სითხის ტესტერი, კლემები, კონდიციონერი, ხვრელები. ელექტრიკის მოცურავე ხარვეზებს დიაგნოსტიკაზე ვპოულობთ, ფასი 30 ₾-დან.

ხშირად დასმული კითხვები

ავტოფარეხი ნესტისგან იცავს?

მშრალი და განიავებადი, კი. დახურული მიწისქვეშა პარკინგი ვენტილაციის გარეშე გარეთ დგომაზე უარესია: ნესტი იქ კვირობით რჩება.

წვიმის შემდეგ მინები შიგნიდან რატომ ორთქლდება?

ჩვეულებრივ სალონში წყალია: სველი ხალიჩა, დახშული ღარი ან ლუქის დრენაჟი. იშვიათად მუდმივად ჩართული რეცირკულაციაა. ჯერ ვპოულობთ, საიდან შედის წყალი.

ზღვასთან ვცხოვრობ. რამდენად ხშირად გავრეცხო მანქანა?

ძარა, როცა საჭიროა. ძირი და თაღები დაახლოებით თვეში ერთხელ და აუცილებლად ზამთარში მთიდან დაბრუნების შემდეგ.

ახალ მანქანას ანტიკოროზიული სჭირდება?

ქარხნული დაცვა ახალ მანქანებზე კარგია. მაგრამ ზღვასთან დამალულ ღრუებსა და ნაკერებს პირველ ორ-სამ წელიწადში დავამუშავებდით, სანამ ლითონი სუფთაა.

●  06 · კონტაქტი

დაგვიტოვეთ განაცხადი — გადმოგირეკავთ და დათვალიერებაზე ჩაგწერთ

მოგვწერეთ, რა დაემართა მანქანას. გადმოგირეკავთ, კითხვებზე გიპასუხებთ და დროს შევარჩევთ. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ გეუბნებით: ფოტოზე დაზიანება ყოველთვის არ ჩანს.

განაცხადის გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ან მოგვწერეთ მესენჯერში — იქვე გიპასუხებთ:

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212მ, ბათუმი
ტელეფონი / WhatsApp / Telegram
+995 599 66 66 75 · WhatsApp · Telegram
მარშრუტი
Google Maps ↗Yandex ↗Waze ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი